მომავლის ავტომობილი 8 გრამი საწვავით მილიონ კილომეტრს გაივლის

დაივიწყე ბენზინგასამართი სადგურები! მომავლის ავტომობილი 8 გრამი საწვავით მილიონ კილომეტრს გაივლის




როგორც ყველამ ვიცით, ნავთობის მარაგი დედამიწაზე ულევი არ არის. ამიტომ ავტომწარმოებლები შეუჩერებლად ცდილობენ იპოვონ ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ძრავების ალტერნატივა. უკვე ყველგან უშვებენ ჰიბრიდულ, ან სუფთად ელექტრონულ ავტომობილებს, აქტიურად მიმდინარეობს წყალბადის გამოცდა, მაგრამ სრულყოფილად შიდა წვის ძრავის შეცვლა ვერ შეძლეს.

ამერიკულმა ფირმამ Laser Power Systems წარმოადგინა თავისი ხედვა მომავლის ავტომობილზე. ისინი გვთავაზობენ საწვავის სახით გამოვიყენოთ თორიუმი - მსუბუქად რადიოაქტიური მეტალი, რომელსაც ენერგიის უდიდესი რაოდენობის წარმოქმნა შეუძლია. თორიუმ -232 იზოტოპის ერთი გრამი ისეთივე ეფექტურია, როგორც 28 ტონა ბენზინი!


ეს მომავალში ავტომობილს მისცემს შესაძლებლობას, გაიაროს მილიონობით კილომეტრი მხოლოდ ერთი შევსებით. იდეაში, მეორე აღარც უნდა დაგჭირდეთ, რადგან მანქანა, შეიძლება ბევრად ადრე გაფუჭდეს, სხვა მიზეზების გამო.


ინოვაციური ძრავის საფუძველში დევს თორიუმის ლაზერი, რომელიც ათბობს წყალს და ორთქლის ტურბინებს მოძრაობას აიძულებს. აქტიურ ნივთიერებად გამოიყენებენ იზოტოპ თორიუმ-232-ს, მხოლოდ 8 გრამის ოდენობით. Laser Power Systems-ის სპეციალისტები აცხადებენ, რომ ასეთი ძრავი 200 კილოგრამზე ოდნავ მეტს აიწონის და სერიული წარმოების დაწყებას უკვე ორი წლის შემდეგ გვპირდებიან!


თუმცა არსებობს რამდენიმე სკეპტიკური შენიშვნაც ამ პროექტის მიმართ. თორიუმი კი მსუბუქად, მაგრამ მაინც რადიოაქტიურია, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ძრავის განყოფილება საგულდაგულოდ უნდა იზოლირდეს. ეს კი საგრძნობლად ამძიმებს მანქანას. ყველაზე დიდი სკეპტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ უზარმაზარი წონისაგან მანქანა ვერც კი დაიძვრება ადგილიდან.


გარდა ამისა, რადიაცია თავისთავადაა საშიში. ვინ იცის, რა მოუვა ავტომობილს ავარიისას? ან როგორ გადაამუშავებენ ასეთ მანქანებს?

თუმცა ცოტაც დარჩა, და საბოლოოდ გავიგებთ, რეალურად გვემსახურება თუ არა ავტომობილი თორიუმის ძრავით, თუ ეს მორიგი ფანტასტიკური იდეაა, რომელიც გიჟი მეცნიერის თავში დაიბადა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს კონცეფცია ყურადღებას იმსახურებს. იქნებ 10 წლის შემდეგ უკვე ყველას ასეთი მანქანა ჰყავდეს? ვინ იცის?