რა აწუხებთ თბილისელ მძღოლებს?



დღეს საკმაოდ აქტუალური და პრობლემატური საკითხია ავტომობილით გადაადგილება თბილისში.  ჩვენ გამოვკითხეთ თბილისელი მძღოლები, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, ყველაზე გადატვირთული და მძიმე მდგომარეობა სწორედ დედაქალაქში გვაქვს. მძღოლებმა ძირითადი აქცენტები საცობებზე, გაუმართავ ავტომობილებსა და დაზიანებულ გზებზე გააკეთეს.

ბატონი მურადი (ტაქსის მძღოლი): "ყველაზე მეტად საცობები და გაფუჭებული გზა მაწუხებს. მოგეხსენებათ ჩემი საქმიანობა და შემოსავალი პირდაპირ კავშირშია ავტომობილთან, შესაბამისად გზაზე ყველა ორმო ზეპირად ვიცი, თუმცა ხანდახან მაინც ვარტყამ მანქანას და ისეთი შეგრძნება მრჩება, რომ ორმოში ჩავარდნა ავტოსაგზაო შემთხვევის ტოლფასია და სულ ერთია ხეს დავეჯახები თუ ჩავარტყამ. ეს პირველი, მეორე კი გაუთავებელი საცობებია. ადრე პიკის საათი 6 საათის შემდეგ იწყებოდა, ახლა კი ის სულ უფრო მაღლა მოიწევს და ხშირად საცობები შუადღის 4 საათიდან იწყება. ფაქტობრივად, ნახევარ დღეს საცობში ვატარებ რაც პირდაპირ აისახება ჩემს ნერვულ სისტემაზე.

ქეთა (დედა) მე ყოველ დილით ბავშვები მიმყავს მანქანით. ერთი ბაღში, ორი კი სკოლაში. მათ ძალიან უყვართ ფანჯრების ჩამოწევა, მოსწონთ როდესაც ქარი თმებს უფრიალებთ. მათ ძალიან უჭირთ იმის გაგება თუ რატომ უკრძალავთ დედა ამ საყვარელ საქმიანობას. ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ჰაერი ძალიან არის დაბინძურებული, ყველაზე მეტად ეს მაწუხებს.

ლევანი (დისტრიბუტორი) ყველაზე მეტად გაუმართავი ავტომობილები და არასაკმარისი საპარკინგე ზონები მაწუხებს.  ხანდახან ისე ბოლავს ჩემს წინ მიმავალი ავტომობილი, რომ ვეწევი და მივუთითებ. ზოგი მადლობას მეუბნება, ზოგი მეკითხება რა შენი საქმეაო, ზოგი კი მატყუებს და ამბობს, რომ ახლა მიდის სახელოსნოში. ახლა ჩემს სამსახურს დავუბრუნდეთ, მოგეხსენებათ დისტრიბუცია  სწრაფად მუშაობას მოითხოვს. მანქანაში ათასობით ლარის საქონელი მიდევს, მე კი ხშირად პარკინგის არარსებობის გამო რამდენიმე ასეული მეტრის გავლა მიწევს ფეხით. ერთხელ გარეთ ორი ყუთი ერთმანეთს დავადე სანამ მესამე მივიტანე მაღაზიამდე, დანარჩენი ორი მომპარეს. 

ავტოქეში მადლობას უხდის რესპოდენტებს. თქვენ კი გაგვიზიარეთ თქვენი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.