მსგავსი კვლევა ადამიანებზეც ჩაატარეს. კვლევას გერმანული ავტოკონცერნები აფინანსებდნენ

მეცნიერები მაკაკებს გამონაბოლქვს ასუნთქებდნენ. შემდეგ მსგავსი კვლევა ადამიანებზეც ჩაატარეს. კვლევას გერმანული ავტოკონცერნები აფინანსებდნენ.




გაზეთი The New York Times იუწყება, რომ გერმანული ავტოკონცერნები Volkswagen, BMW და Daimler (Mercedes-ის მწარმოებელი) იყვნენ სპონსორები ლობისტური ორგანიზაციის, რომელიც აფინანსებდა ეთიკური თვალსაზრისით საეჭვო ექსპერიმენტს. 2014 წელს ამ ორგანიზაციის დაკვეთით, მეცნიერები გამონაბოლქვის გავლენის საკვლევად, მაკაკებს ავტომობილების გადამუშავებული აირების სუნთქვას აიძულებდნენ. The New York Times-ში გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, სამივე ავტომწარმოებელმა საჯაროდ გაკიცხა ზემოთ აღნიშნული კვლევა. სამი დღის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ მათ მიერ დასპონსორებულმა ორგანიზაციამ ექსპერიმენტი არა მხოლოდ ცხოველებზე, არამედ ადამიანებზეც დაუკვეთა.

The New York Times-ის მონაცემებით, 2014 წელს აშშ-ს ქალაქ ალბუკერკში სამეცნიერო ლაბორატორიის თანამშრომლები 10 მაკაკას აიძულებდნენ ესუნთქათ გამონაბოლქვი 2 ავტომობილის ძრავიდან; ერთ-ერთი მათგანი იყო 1999 წელს გამოშვებული Ford-ი, მეორე კი - 2012 წლის Volkswagen Beetle. ამით ისინი ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ გაწმენდის სისტემები ახალი მოდელის დიზელის ძრავებშიამცირებს მავნე ნივთიერებების გამომუშავების დონეს. რა გავლენა იქონია გადამუშავებულმა აირებმა მაიმუნების ჯანმრთელობაზე, უცნობია: კვლევის შედეგები არ გასაჯაროებულა.

ექსპერიმენტი დაუკვეთა სატრანსპორტო სექტორში ევროპის გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვის კვლევითმა ჯგუფმა (EUGT) - ლობისტური ორგანიზაცია, რომელიც 2007 წელს გერმანულმა ავტოკონცერნებმა Volkswagen-მა, Daimler-მა და BMW-მ შექმნეს. ამ ჯგუფში შედიოდა საავტომობილო დეტალების მომწოდებელი Bosch-იც, თუმცა გერმანული მედიის ცნობით, ექსპერიმენტის ჩატარების მომენტისთვის Bosch-ს აღარ ჰქონდა კავშირი EUGT-თან. The New York Times-ის ინფორმაციით, EUGT-ის მიზანი იყო, დაექირავებინა მეცნიერები ავტოკონცერნის მხარდამჭერი კვლევების ჩასატარებლად. ჯგუფმა იარსება 10 წელი და 2017წელს დაიშალა.

როდესაც ჟურნალისტებმა მაიმუნებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შესახებ შეიტყვეს, კომპანია Volkswagen-მა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ არ ამართლებს ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობას. Daimler-ი და BMW შეეცადნენ თავი დაეძვრინათ და განაცხადეს, რომ EUGT-ის კვლევასთან პირდაპირი კავშირი არ ჰქონიათ.

Volkswagen-ის საჯარო ბოდიშიდან მალევე, ცნობილი გახდა, რომ EUGT-იმ კვლევა არა მხოლოდ ცხოველებზე, არამედ ადამიანებზეც შეუკვეთა. გერმანული გამოცემა Stuttgarter Zeitung-ის ინფორმაციით, 2012-2015 წლებში, გერმანიის ქალაქ ახენის უნივერსიტეტში იკვლევდნენ 25 მოხალისეს სასუნთქ გზებზე გამონაბოლქვის გავლენას; კვირაში ერთხელ სამი საათის განმავლობაში ისინი შეისუნთქავდნენ აზოტის დიოქსიდის სხვადასხვა კონცენტრაციას, მათ შორის, დასაშვებ ნორმაზე სამჯერ მეტს.

ექსპერიმენტი გრძელდებოდა ერთი თვის განმავლობაში, რის შემდეგაც მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ვერ აღმოაჩინეს ვერანაირი რეაქცია მოხალისეების მიერ შესუნთქულ ნივთიერებებზე. აღსანიშნავია, რომ The Washington Post-ის ინფორმაციით, გარემოს დაცვის ამერიკული სააგენტო მიიჩნევს, რომ აზოტის დიოქსიდი მომწამვლელია; სააგენტოს მონაცემებით, ხანმოკლე ზემოქმედების შედეგად, ამ ნივთიერებამ შეიძლება გამოიწვიოს ხველა ან სუნთქვის გაძნელება, ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად კი - ასთმის განვითარება.

EUGT-ის დაკვეთილი მსგავსი ექსპერიმენტი ადამიანებზე ჩაატარა ახენის უნივერსიტეტის პროფესორმა პროფესიული და ეკოლოგიური ჰიგიენის სფეროში ტომას კრაუსმა. მან განაცხადა, რომ კვლევა დამოწმებული იყო ეთიკის საკითხებში მისი ფაკულტეტის კომიტეტის მიერ. კრაუსის თქმით, კომისიისთვის კვლევა მისაღბი იყო, რადგან ითვალისწინებდა აზოტის დიოქსიდის მცირეხნიან ზემოქმედებას.

კრაუსის სიტყვების მიუხედავად, გერმანულმა მთავრობამ მკაცრად გააკრიტიკა EUGT-ის ექსპერიმენტი. „ეთიკური თვალსაზრისით, ეს კვლევა გაუმართლებელია“, განაცხადა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა. EUGT-ის საქმიანობა არ მოიწონა გერმანიის გარემოს დაცვისა და ტრანსპორტის სამინისტრომაც. ქვემო საქსონიის პრემიერ-მინისტრი და Volkswagen-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი შტეფან ვაილი გამოვიდა ინიციატივით, რომ დაედგინათ, ატარებდა თუ არა EUGT სხვა ექსპერიმენტებსაც ცხოველებსა და ადამიანებზე.

გამონაბოლქვის გავლენა ადამიანებზე მხოლოდ EUGT-ის არ უკვლევია. მსგავსი ექსპერიმენტი 2014 წელს ბრიტანეთის კოლუმბიის კანადელმა მეცნიერმა კრის კარლსტენმაც ჩაატარა. ის იკვლევდა დაბინძურებული ჰაერის გავლენას ადამიანის ორგანიზმის უჯრედულ პროცესებზე. კარლსტენის ექსპერმენტში მონაწილეობას იღებდა ასთმით დაავადებული 16 ადამიანი. ისინი ორი საათის განმავლობაში დიზელის ძრავის გამონაბოლქვს სუთქავდნენ. BBC-სთან ინტერვიუში კარლსტენმა განაცხადა, რომ ექსპერიმენტები მაიმუნების და ადამიანების მონაწილეობით ყოველთვის არაეთიკური არ არის.

ლონდონის სამეფო უნივერსიტეტის პროფესორი ფრენკ კელი, რომელიც ორგანიზმზე დაბინძურებული ჰაერის გავლენას სწავლობს, ვარაუდობს, რომ EUGT-ის კვლევის მიმართ პრეტენზიები გამოიწვია იმან, რომ მას მსხვილი ავტოკონცერნები აფინანსებენ.

კომპანია Volkswagen-მა განაცხადა, რომ დაიწყო შიდა გამოძიება EUGT-ის ექსპერიმენტთან დაკავშირებით. გამოძიების ფარგლებში უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა Volkswagen-ის შიდა კავშირებისა და მდგრადი განვითარების მოვალეობის შემსრულებელ ტომას შტეგს; გერმანული მედიის ცნობით, ის კომპანიის მთავარი ლობისტია. „ბატონმა შტეგმა განაცხადა, რომ მზადაა საკუთარ თავზე აიღოს სრული პასუხისმგებლობა [EUGT -ის საქმიანობასა და მის შედეგებზე]. პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას“, აცხადებს Volkswagen-ის გენერალური დირექტორი მატიას მიულერი.