აი, კიდევ რა არის კოსმოსში გაშვებული Tesla Roadster-ის ბორტზე

აი, კიდევ რა არის კოსმოსში გაშვებული Tesla Roadster-ის ბორტზე




ჰმმ... პლანეტარული მასშტაბის დაზღვევა მომავალი თაობებისთვის კაცობრიობის მიერ დაგროვილი ცოდნის შესანახად და გასაზიარებლად ელონ მასკის Tesla Roadster-ის ბორტზე მზის გარშემო ბრუნავს?

უდავოა, საკმაოდ საინტერესო (და ღრმა) ინფორმაციაა. თუმცა, უფრო მეტად, ალბათ, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სიუჟეტს მოგვაგონებს. ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას. თუ წაიკითხავთ ამონარიდს Arch Mission Foundation’s ვებსაიტიდან, ეს ამბავი უფრო დამაჯერებლად მოგეჩვენებათ:

„The Arch Mission Foundation™ არსებობს იმისთვის, რომ დაეხმაროს კაცობრიობას შეინახოს და გაავრცელოს საკუთარი ცოდნა დროისა და სივრცის დიდ განზომილებებზე.

ჩვენ გვწამს, რომ სიცოცხლის მიზანი სამყაროში ინტელექტის განვითარება და გავრცელებაა.

უძველესმა ცივილიზაციებმა ეს ქვაში ინფორმაციის შენახვით მოახერხეს, რისი მაგალითიცაა, გიზას პირამიდები. ბედის ირონიაა, თუმცა, მიუხედავად უფრო მაღალი დონის ტექნოლოგიური მიღწევებისა, ჩვენი ცივილიზაციის ინფორმაცია ნაკლებ მყარი და გამძლეა.

ჩვენი ცოდნა უმეტესად ფურცელზე ან პლასტიკურ მოწყობილობებზეა, როგორიცაა მაგნიტური ლენტა, ოპტიკური DVD დისკი ან ფლეშ ბარათი. ფურცლები, მკაცრად გაკონტროლებულ პირობებში, ასობით წლის მანძილზე შეინახება. რაც შეეხება, პლასტიკურ ციფრულ მოწყობილობებს, მათი ვარგისიანობა 20-50 წელია. გარდა ამისა, ამ საშუალებათა უმეტესობა მოწყვლადია სიცხის, სიცივის, ნესტის, ბაქტერიების, სოკოების, მწერების და ელექტრომაგნიტური გამოსხივების მიმართ.“

ორგანიზაციის აზრით, საარქივო ბიბლიოთეკა ერთადერთი გამოსავალია:

„ეს ახალი საშუალება, რომელსაც ათწლეულების მანძილზე შეიმუშავებდა დოქტორი პიტერ კაზანსკი, 14 მილიონი წლის მანძილზეა ვარგისი, თანაც საკმაოდ ექსტრემალურ პირობებში. დღეს, ეს საუკეთესო საშუალებაა ინფორმაციის მილიონობით წლით შენახვისთვის“.