სასარგებლო ფინანსური ჩვევები

სასარგებლო ფინანსური ჩვევები



თქვენი ფინანსური ჩვევები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თქვენივე ცხოვრების ხარისხზე. სასარგებლო ჩვევები ხელს უწყობს ფინანსური მწვერვალისკენ სვლას, მავნე ჩვევები კი უფსკრულისკენ მიგვაქანებს. გთავაზობთ ფინანსური კონსულტანტის ფულად წესებს, რომლებიც სასიამოვნოდ აისახება თქვენი საფულის სისქეზე.

1. ფულის დათვლა

აკონტროლეთ ფულის დინება: რამდენი შემოგივიდათ, რამდენი გავიდა და რა მიმართულებით გაედინა. გაითვალისწინეთ არა მარტო შემოსავალი და გასავალი, არამედ აქტივებიც (ქონება, ინვესტიცია, დანაზოგი და ა.შ.) და ვალდებულებებიც (კრედიტები, ვალები, სესხები). ასეთ შემთხვევაში თქვენი ცხოვრების ფინანსური სურათი სრული იქნება.

2. დაგეგმეთ ბიუჯეტი და გრძელვადიანი შენაძენები

ფულის დინების კონტროლის გარდა, დიდი მნიშვნელობა აქვს სამომავლო ფინანსების დაგეგმვასაც. ბიუჯეტი თქვენი შემოსავლის და გასავლის დაგეგმვაა ერთი თვით, კვარტლით ან წლით ადრე. მასში უნდა გაითვალისწინოთ დანაზოგი გრძელვადიანი შენაძენებისთვისაც (ყველაფერი, რისი ყიდვაც ყოველთვიური შემოსავლით არ შეგიძლიათ). ასეთ შემთხვევაში, არ მოგიწევთ სწრაფი სესხებით სარგებლობა ან კრედიტის გამოტანა ნივთის შესაძენად.

3. დიდი და მცირე მიზნების დასახვა (და მათი მიღწევა, მაშინაც კი თუ თავს არაკომფორტულად გრძნობთ)

ფინანსები მატერიალური სფეროა. თვალსაჩინო ორიენტირების გარეშე რთულია ოპტიმალურიგეგმის დასახვა და შესაბამისი ინსტრუმენტების არჩევა. ამიტომ, საჭიროა მიზნები. ისინი დაგეხმარებათ, აღწეროთ თქვენი სურვილები, ოცნებები და საჭიროებები მკაფიო კრიტერიუმებით: რა მინდა? როდის მინდა? რა ღირს? მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ცხადი გზა. ეცადეთ, შეარჩიოთ ჭეშმარიტი მიზნები და არ აყვეთ სოციალურ სტანდარტებს.

4. შეეჩვიეთ ვირტუალურ ფულს

თანამედროვე მსოფლიო ნელ-ნელა ივიწყებს ნაღდ ფულს (Cash). საბანკო ბარათები, ელექტრონული ფული, კრიპტოვალუტა - ეს ყველაფერი ვირტუალური ფინანსური სისტემის ნაწილია. თუმცა, ჩვენ ცოცხალი ადამიანები ვართ და არა ვირტუალური არსებები. ჩვენ გვჭირდება, ვხედავდე, ვეხებოდეთ, გვესმოდეს ფულის შრიალი. ამიტომ, მნიშვნელოვანია ვისწავლოთ ვირტუალური ფულის აღქმა და არ დავხარჯოთ „სათამაშო“ ფულივით.

5. იარეთ მაღაზიაში სიით

საიდუმლო არააა, რომ თანამედროვე მაღაზიები ისეა მოწყობილი, რომ გვაიძულებს იმაზე მეტი ვიყიდოთ, ვიდრე განზრახული გვქონდა. სია, რომელსაც წინასწარ შეადგენთ, დაგეხმარებათ, გაუძლოთ ცდუნებას და აირიდოთ თავს მოხვეული პროდუქცია.

6. გაერთეთ უფასოდ

გართობა და დასვენება პოზიტიური ემოციებით და ახალი ენერგიით გვავსებს. თანამედროვე სამყარომ კი გვასწავლა ამ ემოციების ყიდვა. სინამდვილეში კი ყველაზე მნნიშვნელოვანი ემოციები შეიძლება ფულის გარეშემივიღოთ. ბავშვთან ერთად პარკში გასეირნება, ბიბლიოთეკაში ან მუზეუმში ვიზიტი სულაც არ მოითხოვს დიდ თანხებს. უბრალოდ დაუსვით თქვენს თავს შეკითხვა: „როგორ მივიღო იგივე ემოციები და არ დავხარჯო ფული?“ და თავადვე იპოვით უამრავ ვარიანტს.

7. შეიძინეთ ვალუტა ეტაპობრივად და არა ერთიანად

თუ თანხას სხვა ვალუტაში ინახავთ, უმჯობესი იქნება თანხა ეტაპობრივად დააკონვერტიროთ, რაც თანხის ეფექტურ კურსზე გადაცვლის შანსს გაზრდის.

8. მიიღეთ გააზრებული ფინანსური გადაწყვეტილებები

ხშირად, ფულთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები სპონტანური და ემოციურია. ჩვენ გვშია, გაბრაზებული, შეყვარებული, გახარებული ვართ - ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ჩვენს გადაწყვეტილებაზე. თუ ჩვენი ქმედება იმპულსურია, უმეტეს შემთხვევაში თუ არაფერს გვაკლებს, არც არაფერს გვმატებს. ამიტომ, ხშირად ჩართეთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში აზროვნების ელემენტები: ციფრები, სქემები, ფორმულები, სტრუქტურები, სისტემები.