გერმანული სასამართლო განიხილავს საკითხს დიზელის აკრძალვის შესახებ

გერმანული სასამართლო განიხილავს საკითხს დიზელის აკრძალვის შესახებ



Reuters-ის ინფორმაციით, გერმანულ სასამართლოს მოუწევს გადაწყვიტოს, შეძლებენ თუ არა გერმანული ქალაქები დიზელზე მომუშავე ავტომობილების აკრძალვას, რაც პოტენციურად გამოიწვევს ქვეყნის საავტომობილო ბაზარზე მრავალმილიონიან დანაკარგს.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა Volkswagen-ის სკანდალი ავტომობილების გამონაბოლქვის მონაცემების ფალსიფიცირების შესახებ, ეკოლოგიურმა ჯგუფმა DUH სასამართლოში საჩივარი შეიტანა ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლის გამო.

სკანდალმა სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებსაც აიძულა, შეესწავლათ დიზელის საწვავის გამონაბოლქვი, რომელიც შეიცავს აზოტის (NOx) ოქსიდებს და როგორც ცნობილია, იწვევს რესპირატორულ დაავადებებს.

გერმანიაში ახლა დიზელზე მომუშავე, დაახლოებით, 15 მილიონი სატრანსპორტო საშუალებაა, ამიტომ ეკოლოგიური ჯგუფების განცხადებით, გერმანიის ქალაქებში ჰაერის დაბინძურების ხარისხი აღემატება ევროკავშირის სტანდარტებს.

ადგილობრივი სასამართლოების გადაწყვეტილებით, მთავრობამ უნდა აკრძალოს დიზელის ავტომობილების გამოყენება, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ზემოთხსენებულ სტანდარტებს, იმ დღეებში, როცა ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.

ამან შეიძლება ნეგატიური შედეგები მოიტანოს ავტომწარმოებლებისთვის, რადგან პირდაპირი აკრძალვა გამოიწვევს salizingo კონტრაქტების ღირებულების ზრდას და ფასების ვარდნას ავტომობილის გადაყიდვის დროს.

გერმანულმა მიწებმა, სადაც ავტომწარმოებლებს და მათ მიმწოდებლებს დიდიძალაუფლება აქვთ, გაასაჩივრეს გადაწყვეტილება და საბოლოო ვერდიქტის გამოტანა გერმანიის ფედერაციის ადმინისტრაციულ სასამართლოს მიანდეს. სწორედ ამ ბოლო ინსტანციის უწყებას მოუწევს გადაწყვიტოს, შეუძლიათ თუ არა მსგავსი აკრძალვების მიღება ადგილობრივ დონეზე.

„საკვანძო საკითხი მდგომარეობს იმაში, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს ასეთი აკრძალვები იურიდიულ ინსტრუმენტად“, აცხადებს რემო კლინგერი, DUH-ის იურისტი.

პარიზი, მადრიდი, მეხიკო და ათენი გეგმავენ, 2025 წლიდან აკრძალონ დიზელზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებები ქალაქების ცენტრში, კოპენჰაგენის მერს კი სურს ქალაქში მსგავსი ავტომობილების შესვლის აკრძალვა. საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი კი 2040 წლიდან ახალი ბენზინის და დიზელის ავტომობილების აკრძალვას გეგმავენ, რომლებსაც ელექტრომობილები ჩაანაცვლებს.