უნდა გავახუროთ თუ არა ავტომობილი ზამთარში?

უნდა გავახუროთ თუ არა ავტომობილი ზამთარში?



ადრე ერთმა ჩემმა ნაცნობმა ძალიან გამაკვირვა: ყოველ ჯერზე, როცა ყინვაში უწევდა ავტომობილის დაქოქვა, ავტომატური გადაცემათა კოლოფის სელექტორს წინ და უკან ამოძრავებდა. როცა ვკითხე, რატომ იქცეოდა ასე, მითხრა, რომ ასე ახურებდა მანქანას. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე მოგიყვეთ, სინამდვილეში როგორ უნდა გავახუროთ გადაცემათა კოლოფი.

როგორც ჩემი ნაცნობის საუბრიდან გავარკვიე, სელექტორის წინ და უკან გადართვა ერთ-ერთი ავტოსალონის მენეჯერმა ურჩია. მსგავსი მოსაზრება ხშირად შემხვედრია ინტერნეტ ფორუმებზეც, სადაც სტაჟიანი მძღოლები ახალბედებს არიგებენ ჭკუას.

პირადი გამოცდილებიდან ვიცი, რომ სიბლანტის მიხედვით ავტომატური გადაცემათა კოლოფის ზეთი გავს ძრავის ზეთს და კარგად უძლებს დაბალ ტემპერატურებს.

კოლოფის შიგნით ცირკულირებას იწყებს ავტომობილის დაქოქვასთან ერთად და კარგად ხურდება, სანამ სელექტორი P პოზიციაზეა დაყენებული. თუმცა, ეს ყველაფერი ავტომოყვარულების კამათს რომ არ დაემსგავსოს, ჯობს პროფესიონალების აზრი მოვისმინოთ.

სპეციალისტებში ღიმილს და გაკვირვებას იწვევს ისეთი რჩევები, როგორიც სელექტორის წინ და უკან ტრიალია. ერთ-ერთი პროფესიონალის თქმით მსგავსი ქმედება საერთოდ არაა საჭირო. თუ კოლოფში უკვე არსებობს რაიმე სახის დეფექტი ან საჭიროებს სასწრაფო დათვალიერებას, ამ პრობლემას მსგავსი მეთოდით ვერც აღმოვფხვრით და ვერც გადავავადებთ. საერთო ჯამში, „ავტომატიკაზე“ ზამთრის რეჟიმი მცირედით თუ განსხვავდება მექანიკური გადაცემათა კოლოფის რეჟიმისგან: ვახურებთ ძრავას იქამდე, ვიდრე ტახომეტრის ისარი არ დააგდებს ბრუნვებს სამუშაო მდგომარეობამდე და ვიწყებთ მოძრაობას მშვიდ რიტმში ზედმეტი აჩქარების გარეშე.

სხვა სიტყვებით, ძლიერი ყინვის დროს საკმარისია გავახუროთ ძრავა და შემდეგ ორიენტირად მისი ტემპერატურა ავიღოთ. თუ დროულად ცვლით ზეთს და ფილტრს ავტომატურ გადაცემათა კოლოფში, არანაირ ყინვაში არ უნდა შეგექმნათ ზეთის ცირკულაციის პრობლემა.

არიან, რა თქმა უნდა, ისეთი სკეპტიკოსებიც, ვინც ფიქრობენ, რომ ავტომექანიკოსები სპეციალურად იძლევიან არაჯანსაღ რჩევებს, რომ ავტომფლობელებს ხშირად შეექმნათ გადაცემათა კოლოფის პრობლემები, მაგრამ მოდით ასეთი ადამიანები შეთქმულების თეორიის მსხვერპლებად დავტოვოთ.