E500 VS M5

Mercedes-Benz E500-ის ისტორია: როგორ და რატომ გაჩნდა M5-ის კონკურენტი



Mercedes-სა და BMW-ს მოდელების დაპირისპირების ისტორია არც ისეთი ძველია, როგორც თავად ავტომობილები. თუმცა, 70-იანი წლების შუა რიცხვებიდან კონკურენტული ბრძოლა უკიდურესად გამძაფრდა. რაღაც კონკრეტულ მომენტში, ბრძოლა გადაიზარდა ლიტრაჟის და ცხენის ძალების პირდაპირ დაპირისპირებაში, რის შედეგადაც Mercedes-მა შექმნა E-კლასის საკულტო მოდიფიკაცია 5 ლიტრიანი ბენზინის V8 ძრავით. საინტერესო ისაა, რომ ამ მოდელის ისტორიაში მოულოდნელად ჩნდება ორი ხმამაღალი სახელი - Porsche და AMG. ჩნდება კითხვა, ვინ გამოუშვა პირველად 5 ლიტრიანი მოდელი?

მიუნხენის მეხუთე სერიის (E34) სედანების ძრავის უპირატესობა 1989 წლამდე არც ისე აშკარა იყო. დიახ, BMW ტრადიციულად ოდნავ სწრაფი და რეაქციებში სხარტი იყო, თუმცა მერსედესის M130-ის ოჯახის სამლიტრიანი ძრავი იმავე 180-190 ცხენის ძალას ავითარებდა, რასაც ბავარიული M30B30 ანალოგიური მოცემულობით. მაგრამ 1989 წლის იანვარში მიუნხენში დაიწყო M5-ის წარმოება 3,6 ლიტრიანი ძრავით, რომელიც 315 ცხენის ძალით „გარბოდა“, რის შედეგადაც E34-ი მექანიკური გადაცემათა კოლოფით სიჩქარის პირველ ასეულს 6,3 წამში აღწევდა, ხოლო ტოპ-ვერსიის მაქსიმალური სიჩქარე ხელოვნურად შეამცირეს 250კმ/სთ-მდე.

მერსედესს ასეთ განაცხადზე საპასუხო არაფერი ჰქონდა, 1989 წლის შემოდგომაზე მცირედით დარესტაილინგებული 300Е-24-ის გარდა, რომელიც 220 ცხენის ძალას ავითარებდა

ამიტომ, მერსედესის გუნდი არასტანდარტულად მოიქცა. Porsche-სთან ერთად შეიმუშავა E-კლასის მოდელების მწვერვალი W124, ინდექსით E500 (შემდგომში 500E).ეს კოლაბორაცია მხოლოდ ფორმალური ხასიათის არ იყო: ავტომობილის კორპუსის შედუღება ხდებოდა Porsсhe Rossle-Bau-ს ფაბრიკაში ციუფენჰაუზენში, რის შემდეგაც გადაჰქონდათ Mercedes-Benz-ის ფაბრიკაში ზინდელფინგენში და ღებავდნენ მერსედესის სტანდარტული პალიტრის მიხედვით, შემდეგ ისევ Porsche-ში აბრუნებდნენ ასაწყობად, რის შემდეგაც უკვე მზა სახით Mercedes-ის ფაბრიკაში მიმდინარეობდა დათვალიერება, სანამ გასაყიდად გაუშვებდნენ.

ასეთი მრავალსაფეხურიანობა მერსედესს საშუალებას აძლევდა ძირითადი სამუშაოები სხვა საწარმოში განეხორციელებინა, მაგრამ შეენარჩუნებინა VIN კოდი და საკუთარი ლოგო ავტომობილზე. სხვა სიტყვებით, სხვის ტერიტორიაზე მოხვედრის შემდეგ ყველაზე მძლავრი Mercedes E-კლასი ფორმალურად Porsche არ ხდებოდა.

აწყობის გარდა, Porsche-ს სპეციალისტების ამოცანა იყო სამუხრუჭე სისტემის დაყენებაც.

მთავარი განსხვავება ახალ მოდელსა და E-კლასის სხვა მოდელებს შორისკაპოტის ქვეშ იმალებოდა. მძლავრი რვაცილინდრიანი V-ს ფორმის „გული“ SL-სგან ისესხეს, რომელსაც 326 ცხენის ძალის განვითარება შეეძლო. ხოლო პირველ ასეულს 6,1 წამში აღწევდა. BMW-სთან შედარებით არც ისე დიდი, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი განსხვავება იყო.

ახალი მერსედესი ნებისმიერ სიჩქარეზე კარგი სამართავი იყო, სწორედ ამიტომ ავტობანების ნამდვილ მეფედ იქცა, რომელსაც ფაქტობრივად კონკურენტი არ ჰყავდა 150+ სიჩქარის განვითარების დროს.